რეკლამის ადგილი (728x90)

ჩვენ შესახებ

World Pull-Up Day მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური გამაჯანსაღებელი და საქველმოქმედო პროექტია და ხორციელდება სთრით ვორქაუთისა და ტანვარჯიშის მსოფლიო ფედერაციის (WSWCF) მიერ. საქართველოში World Pull-Up Day–ის ორგანიზატორია საქართველოს რეკორდების ფედერაცია.

ისტორია

2011 წელს ლატვიის სთრით ვორქაუთის ასოციაციამ, კომპანია „ლატვიის რკინიგზის“ მხარდაჭერით ჩაატარა ტურნიკზე მიზიდვის პირველი ეროვნული დღე ლატვიაში. შეჯიბრი ერთდროულად ქვეყნის 50 ქალაქში ჩატარდა და სატელევიზიო სუპერფინალით დასრულდა. მასში მონაწილეობა 3 000–ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

წარმატებული დებიუტის შემდეგ, 2013 წელს, ტურნიკზე მიზიდვის დღემ უკვე 60 ქალაქი მოიცვა. ღონისძიებაში 8 000–მდე მონაწილე ჩაერთო ერთი დღის განმავლობაში დაახლოებით 70 000 მიზიდვა შესრულდა.

პროექტმა საერთაშორისო მასშტაბი 2014 წელს შეიძინა: 14 სექტემბერს სთრით ვორქაუთის მსოფლიო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა პირველი საქველმოქმედო–სპორტული აქცია – World Pull-Up Day, რომელშიც 57 ქვეყანა გაერთიანდა. რეგისტრირებული მონაწილეების რიცხვმა 14 ათასს გადააჭარბა, მიზიდვების საერთო რაოდენობამ  კი საერთო ჯამში 167 759–ს მიაღწია.

ღონისძიების იდეა

ტურნიკზე მიზიდვა საუკეთესო საშუალებაა პიროვნების ფიზიკური შესაძლებლობის გასაზომად: მისი შესრულების დროს ადამიანი იყენებს თავისი სხეულის სრულ წონას. ეს არის უსაფრთხო და ბუნებრივი ვარჯიში, რომელიც შეიძლება შეასრულოს ქალმაც და მამაკაცმაც, ნებისმიერ ასაკში. ჩვენი მიზანია, გავაერთიანოთ ყველა ადამიანი ასაკის, სქესის, ეროვნების, რასისა და აღმსარებლობის მიუხედავად, ხელი შევუწყოთ ფიზიკური ვარჯიშით განტვირთვაში და დადებითი ემოციების მიღებაში.

World Pull-Up Day–ზე თქვენ შეძლებთ სასიამოვნო და სასარგებლო საქმიანობის შეთავსებას, საქველმოქმედო მიზნების განსახორციელებლად. 2015 წლის 12 სექტემბერს ადამიანები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ერთდროულად შეასრულებენ ტურნიკზე მიზიდვებს, პოპულარიზაციას გაუწევენ ჯანსაღი ცხოვრების წესს და ამავე დროს გაიღებენ შემოწირულობას წინასწარ განსაზღვრული საქველმოქმედო მიზნისთვის. საქველმოქმედო მიზანი შეიძლება იყოს სხვადასხვა: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ბავშვთა, ცხოველთა დახმარება, ახალი სპორტული მოედნების აშენება ან არსებულის გაუმჯობესება და ა.შ.

თუმცა, მატერიალური შემოწირულობის გაღება აუცილებელი არ არის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პიროვნებას არ შეუძლია მატერიალური შემოწირულობის გაღება, მისი მონაწილეობა აქციაში თავისთავად გულისხმობს  ღონისძიების მასშტაბის ზრდას და მისი ცნობადობის ამაღლებას მომავალში.

2015 წლის 12 სექტემბერს თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა, ჩაერთოთ World Pull-Up Day–ის საერთაშორისო აქციაში უკვე საქართველოდანაც! შემოგვიერთდით თქვენს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად და მიიღეთ მონაწილეობა მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე მასშტაბურ გამაჯანსაღებელ და საქველმოქმედო პროექტში!

სამომავლო ხედვა

World Pull-Up Day არის გრძელვადიანი პროექტი, რომელიც ჩატარდება ყოველ წელს და მოიცავს მთელ მსოფლიოს. სთრით ვორქაუთის მსოფლიო ფედერაცია მოიზიდავს გენერალურ და ლოკალურ სპონსორებს, რომლებიც გაიღებენ თანხებს ქველმოქმედებისთვის (შესრულებული მიზიდვების ჯამური რაოდენობის შესაბამისად) და ხელს შეუწყობენ ამ პროექტის უფრო მეტად პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით.

2014 წლის World Pull-Up Day იყო პირველი გლობალური აქცია და ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი 2015 წლის ღონისძიებისთვის, რომლის ფარგლებშიც იგეგმება მსოფლიო რეკორდის დამყარება (იხილეთ სრული ინფორმაცია). იმედი გვაქვს, რომ ყოველ მომდევნო წელს შედეგს გავაუმჯობესებთ!

სამომავლო პერსპექტივაში World Pull-Up Day მოიაზრება ყველაზე მასშტაბურ სოციალურ–გამაჯანსაღებელ პროექტად, რომელიც თვალსაჩინოდ წარმოაჩენს, თუ რა ძალა აქვს ერთი მიზნისთვის გაერთიანებულ ადამიანებს. ჩვენ გვჯერა, რომ ამ მარტივ ფიზიკურ ვარჯიშს შეუძლია შეცვალოს მსოფლიო უკეთესობისკენ!

 

სპონსორები და პარტნიორები

  • Copyright © World Pull-Up Day Georgia™
    Designed by Templateism.